სტიქიის შედეგად მიღებულ ზარალი

 

დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი 10 მილიონ ლარს აჭარბებს. პრემიერი ნიკა გილაური აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად ადევნებდა თვალყურს. ადგილზე იმყოფებოდა ფინანსთა ახალი მინისტრი დიმიტრი გვინდაძეც. “გზის მონაკვეთი, სურამიდან რიკოთის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიამდე, 25 ადგილზეა დაზიანებული. რაც შეეხება სურამის და ჩუმათელეთის მოსახლეობას, მიმდინარეობს ზიანის დათვლა. გამოვიძახეთ სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც, რომ სწრაფად მოხდეს სახლებიდან წყლის ამოტუმბვა და კედლების გამაგრება”, განაცხადა გილაურმა. რიკოთის უღელტეხილზე გვირაბის გავლით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. სამუშაოები 3 დღეში დასრულდება. გზა პირვანდელ მდგომარეობას 14 დღეში დაუბრუნდება. სურამში, ხაშურსა და ჩუმათელეთში გვიანობამდე მიმდინარეობდა მდინარეების, არხების და ხევების კალაპოტების გაწმენდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ჯგუფები რეგიონიდან და დამატებით – ბორჯომ-ხარაგულიდან. სარდაფებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან წყალი ამოიტუმბა. ხაშურსა და სურამში ძირითადად დაზარალდა მდინარე სურამულას სანაპიროზე მდებარე სახლები და მაღაზიები. რაც შეეხება ჩუმათელეთს, ვითარება უფრო რთულია, მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოში მიედინება. სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება განახლდა. უშუქოდაა დარჩენილი მხოლოდ ის უბნები, სადაც ტრანსფორმატორები წყალმა გაიტაცა. გაზმომარაგება კი, უახლოეს დღეებში აღდგება. მოვარდნილმა ღვარცოფმა რესტორან “რიკოთის” ოთხი თანამშრომელი იმსხვერპლა. რესტორნის მეპატრონის ცხედარი მაშველებმა სურამში იპოვეს. ორი თანამშრომელი დაკარგულია.

სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მცხეთა-თიანეთი. ფასანაურის თემის სოფელ ცხვედიეთში დაზარალდა ოცდახუთზე მეტი ოჯახი. დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ნათესები. ცენტრალურ და შიდა გზებზე გადაადგილება შეფერხებულია. მოსახლეობას წყალი და გაზი არ მიეწოდება. სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება ფასანაურის მოსახლეობას. დაზიანებულია საავტომობილო გზა. რთული ვითარებაა დუშეთის რაიონის მაღაროსკარის თემის სოფლებში. წყალმა რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზები წაიღო. სოფელ გომეწარში მცხოვრები 50 კომლი გარე სამყაროს მოწყვეტილია. სახლები მთლიანად დატბორილია, სახნავ-სათესი მიწები განადგურებულია, შინაური ცხოველი და ფრინველი დახოცილია. გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მეწყერი ათ ადგილას ჩამოწვა. დაზარალდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, ხობის 5 სოფელი. სოფელ ნაკიფუში ჩამოწვა მეწყერი. ადიდებულმა ენგურმა დატბორა სოფელი წყოუში. დატბორილია ჩქვალერი-ფახულანის გზა. სპეციალური ჯგუფები ზარალს ითვლიან. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილია ცხვარიჭამია-გლდანის გზის მონაკვეთი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაზარალებულ რეგიონებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მოინახულებენ. არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 23 ივნისამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ნალექიან ამინდსა და წვიმას პროგნოზირებენ. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს. მშრალი ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოში. იქროლებს დასავლეთის ქარი და ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების ვარაუდით, უნალექო ამინდი შენარჩუნდება დედაქალაქშიც. 23 ივნისიდან კი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და ტემპერატურა 30–გრადუსიან ნიშნულს გადასცილდება.

By stiqia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s