გომბორში გზა აღარაა

 

ვაზიანი – გომბორი – თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც ოფიციალური ინფორმაციით, 24 მლნ ლარი დაიხარჯა, მეწყერმა წაიღო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გზაზე სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები და ავტობუსები ვეღარ მოძრაობენ. გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც სახიფათოა. დამეწყრილ ადგილზე მიწა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოწყდეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გომბორის გზაზე შეზღუდვები ამ დრომდე არ დაუწესებია. ვაზიანი – გომბორი – თელავის „რეაბილიტირებული” გზა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რვა თვის წინ გახსნა. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა”, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. „გზა გაკეთებულია და საერთოდ, პრობლემა არ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რეაბილიტაციაში ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ფულს ვიხდიდით, ბატონო პრეზიდენტო, გარანტიას ვიძლევი, რომ 10 წელი ამ გზას პრობლემა არ ექნება”, – აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა. გახსნიდან ერთ თვეში გზა დაზიანდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს, თუმცა ამ მასშტაბის დაზიანება, როგორიც ახლაა, ჯერ არ ყოფილა. გომბორის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც ტარდება. 2- კილომეტრიანი მონაკვეთი ახლიდან მოასფალტდა, რადგან მუშების თქმით, მეწყერმა გზის აღნიშნული მონაკვეთი ისე დააზიანა, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა. საუბარი სწორედ იმ ადგილზეა, სადაც ხუთი თვის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ასფალტის საფარის სისქე გაზომეს. ასფალტის საფარის სისქე, პროექტით გათვალისწინებული 7-12 სანტიმეტრის ნაცვლად, 3-4 სანტიმეტრი აღმოჩნდა. სამუშაოების მწარმოებლის ზვიად ჯინჭარაძის თქმით, გომბორის გზაზე 2011 წლის 1 ივლისამდე ყველანაირი სამუშაო უნდა დასრულდეს. თუმცა, მუშებს უჭირთ იმის თქმა, მოესწრება თუ არა რამდენიმე დღეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება. „დაზიანებული ადგილების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხა არ გამოყოფილა და ყველაფერი იმ თანხით კეთდება, რომელიც გომბორის გზის მშენებლობისთვის გამოიყო. გზაზე 1 ივლისამდე ყველანაირი სამუშაო დასრულდება”, – განაცხადა ზვიად ჯინჭარაძემ. კითხვაზე, რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტს „10 წლიანი გარანტია”, რომ „გომბორის გზას პრობლემა არ ექნებოდა”, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პასუხობს: „თავიდან ვაზიანი – გომბორი – თელავის გზის რეაბილიტაციის რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. იყო 500 მილიონად შეფასებული პროექტის განხორციელების ვარიანტიც, მაგრამ შედარებით იაფი პროექტი ავირჩიეთ, რადგან ამ გზაზე ინტენსიური მოძრაობა არ არის. გზის გახსნის დროს როცა ვთქვი, რომ ამ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა, ის მონაკვეთები ვიგულისხმე, სადაც მეწყერი არ არის. მაშინ ისიც ვთქვი, რომ ამ გზაზე იყო 12 მეწყერული ზონა და მიმდინარეობდა ამ ზონების გამოკვლევა და მათზე დაკვირვება. ეს კვლევა გზის მშენებლობის დაწყებამდე ვერ ჩატარდებოდა, რადგან ამ გზას დატვირთვა არ ჰქონდა. თუ გზაზე დატვირთვა არ მოვიდა, დაზიანებაც არ გაუჩნდება. ჩვენ ვიცოდით, რომ მეწყერი ამ გზაზე პრობლემებს შექმნიდა. ზაფხულში ყველა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება”.

By stiqia

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s